პრეზიდენტი: სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს

“დღევანდელი დღე – 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის.
75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი – ევროპული ოჯახის – ევროკავშირის იდეის დაბადებიდან”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს მიულოცა და დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.
“სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს.  ევროკავშირის იდეა იმ გამანადგურებელი ომის ფონზე წარმოიშვა. მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპის ქვეყნები ერთად იღვწიან ადამიანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
საქართველო კი, თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეს, როცა მთელი მსოფლიო უდიდეს გამოწვევასთან ბრძოლაშია ჩართული, ევროკავშირი კვლავ ჩვენ გვერდითაა. მან უკვე გამოყო  ფინანსური დახმარება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად. კრიზისმა კიდევ უფრო გააძლიერა ქართველი ხალხის მისწრაფება თავის ევროპულ ოჯახში სრულფასოვნად დაბრუნებისკენ.
ამ დღეებში მე ვესაუბრე ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს;  ხაზი გავუსვი, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან პოსტკრიზისული გეგმების დასახვაში სრულფასოვნად ვიყოთ ჩაბმული – იმიტომ, რომ ხვალინდელ მსოფლიოში გამოსავალი საკუთარ სივრცეში ჩაკეტვა კი არა, მოკავშირეებთან ურთიერთობის გაძლიერება იქნება, მეტი სოლიდარობა.
საქართველოც და ევროკავშირიც  მზად არიან თანამშრომლობის კიდევ უფრო  გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სოლიდარობით კვლავ გავაძლიერებთ ერთმანეთს და კრიზისიდან ღირსეულად გამოვალთ”,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები