საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე 4%-ით ნაკლებია – NCDC

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13011) 4%-ით ნაკლებია.

„მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებამ ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემები ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ, ჯერჯერობით, მწირი ინფორმაცია არსებობს აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით და გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენაც საკმაოდ რთულია, მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.
მომატებული სიკვიდლიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა, ამ ეტაპისთვის (28.04.2020), აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში.
საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13011) 4%-ით ნაკლებია. შედარებისთვის: 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა – 12335)“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები