მეუფე ნიკოლოზი: 25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა, ვალებში ვიხრჩობით
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სახელმწიფოსგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 25 მილიონით დაფინანსება ძალიან ცოტაა.
„ჩვენ გვაქვს ეს თანხა, რასაც გვაძლევს სახელმწიფო, რასაც გვიხდის, ეს არის კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედება. 25 მილიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა. მე მაქვს 500 000 ლარი ეპარქიაში, სასწავლო ცენტრისთვის. მოგიყევით, რასაც ვაკეთებ და მინდა, გითხრათ, რომ ვიხრჩობით ვალებში.
ჩემი ავტობომობილის საბაზრო ღირებულება იყო 42 ათასი დოლარი 2006 წელს. ერთმა პატიოსანმა ადამიანმა რომ ნახა, რა მანქანით დავდიოდი ჯავახეთში, ძველით, რაღაც ისეთით, შევეცოდე და შემომწირა. მინდა, გითხრათ, ეს მანქანა 2006-დან დღემდე აბსოლუტურად გავცვითე, ისეთ ადგილებში დავდივარ”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „TV პირველთან“ საუბრისას.