რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მოათავსეს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე რუხის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მოათავსეს, რომელსაც “კოვიდ19” დღეს დაუდასტურდა.
როგორც რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ამ მომენტისთვის მკურნალობს ექვსი პაციენტი. მუდმივ რეჟიმში ხდება მათი ტესტირება, მკურნალობა და დაკვირვება. გარდა დადასტურებული შემთხვევისა, კიდევ ერთი ქალბატონია გადმოყვანილი, ასევე საკარანტინე ზონიდან. მას აქვს სუსტად დადებითი პასუხი. უნდა განმეორდეს ტესტირება, რის შემდეგაც გვექნება ზუსტი პასუხი. ორივე შემთხვევა უკავშირდება თურქეთის საზღვრის კვეთას“,- განაცხადა ქარცივაძემ.
ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი განმუხურის საკარანტინე სივრცეში მყოფ ქალბატონს დღეს დაუდასტურდა, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.