გორის მუნიციპალიტეტის მერმა ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერა.
თავზარაშვილის განცხადებით, ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, ველო ბილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გარდა ქუჩის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს.
“გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განახლდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. 370 მეტრი სიგრძის ქუჩა, რომელიც მტკვრის სანაპიროს მიუყვება, რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩებს აკავშირებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია“, – აღნიშნა გორის მერმა.
მისივე თქმით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას.