მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მიერ პრემიერის 29 მაისს პარლამენტში დაბარება პოპულიზმია, რადგან მას ივნისში ისედაც უწევს პარლამენტში ანგარიშით წარდგომა
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერმინისტრი 29 მაისს მოვიდეს პარლამენტში და გააკეთოს მოხსენება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ საუბარია სულ ორ დღეზე, ვინაიდან პირველ ივნისს პრემიერმინისტრმა, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი წერილობითი მოხსენება და ანგარიში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს უფლება, მოითხოვოს პრემიერმინისტრის პარლამენტში მოსვლა, ინტერპელაციის წესიც გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ეხება საგანგებო მდგომარეობას, როდესაც არსებობს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა, პრაქტიკა და შესაბამისი რეგულაციები.
“ამიტომ ვამბობ, რომ პოპულიზმია ოპოზიციის განცხადებები. ეს არის რეალობა და ამაზე არ საუბრობენ. გასაგებია მათი ინტერესი – მათ არ დარჩათ ის სივრცე, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ჰქონდათ პოპულიზმისათვის.
თუ საგანგებო მდგომარეობა დასრულდება იმ ვადაში, რომელიც დაანონსებულია, თუ ეს ვადა საკმარისი იქნება, რომ რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ბუნებრივია, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პარლამენტში მოვა”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.