მამუკა მდინარაძე: ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები, ვიდრე – ჩვეულებრივ სიტუაციაში

„საგანგებო მდგომარეობის დროს საპარლამენტო საქმიანობა უფრო აქტიურია, ვერ ნახავთ მიმართულებას, სადაც პარლამენტის წევრები გაცილებით აქტიურად არ არიან ჩართულები სხვადასხვა საქმიანობაში, ვიდრე – სხვა დროს, მაგრამ ეს არ არის ისეთი საქმიანობა, როგორსაც ადგილი აქვს ჩვეულებრივ სიტუაციაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის საქმიანობის სამი მთავარი მიმართულებაა: კრიზისის მართვა, ჯანდაცვის მენეჯმენტი და ეკონომიკა.

„სწორედ ეს მიმართულებებია ყველაზე პრიორიტეტული და მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. კრიზისის მართვაში ჩართულები ვართ პარლამენტის ხელმძღვანელობა და პარლამენტის წევრები და იცით, რომ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ არათუ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში ვიღებთ უშუალო მონაწილეობას. მეორე პრიორიტეტული მიმართულებაა ჯანდაცვის მენეჯმენტი და დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეა, არათუ გადაწყვეტილების მიღებაშია ჩართული, არამედ – კონტროლში იმ დონეზე, რომ ადგილობრივი კლინიკების შემოწმებასაც კი ახორციელებს მისი კომიტეტი მთელი თავისი შემადგენლობით. ისინი რაიონებში ჩადიან და იქ ამოწმებენ როგორ სრულდება სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი რეკომენდაციები მენეჯმენტთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მიმართულებაც და აქაც შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პარლამენტის 8 წევრი, შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების ჩათვლით, ჩართულები არიან ასევე, არა მხოლოდ კონტროლში, არამედ გადაწყვეტილების მიღებაში. ამას უნდა დავამატოთ მაჟორიტარების უპრეცენდენტო აქტიურობა, რომლებიც რეგიონალური შტატების მუშაობაში არიან ჩართულები. ასევე მიდის მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელებიც არიან ჩართულები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები