ალკოჰოლი და COVID 19 – რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის დროს
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ზოგად ფაქტებს აქვეყნებს, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებასა და ჯანმრთელობასთან მიმართებით უნდა ვიცოდეთ.
NCDC-ის თანახმად:
“-ალკოჰოლს აქვს დამაზიანებელი (როგორც ხანმოკლე, ასევე, ხანგრძლივი მოქმედების) ეფექტი თითქმის ყველა ორგანოზე. მრავალი მტკიცებულებით დასტურდება, რომ „უსაფრთხო ზღვარი“ არ არსებობს და თითოეული ჭიქა ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს.
– ალკოჰოლის მოხმარება და, განსაკუთრებით, მძიმე მოხმარების ეპიზოდები ასუსუტებს ადამიანის იმუნურ სისტემას. შესაბამისად, ამცირებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს.
– ალკოჰოლის მცირე რაოდენობის მიღებამაც კი შეიძლება, გამოიწვიო, კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარება.
– ორსულობისას ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღებაც კი წარმოადგენს რისკს ბავშვის ჯანმრთელობისათვის.
– ალკოჰოლი ზრდის ინტერპერსონალური ძალადობის ფაქტების სიხშირეს და სიმძიმეს.
– ალკოჰოლი ზრდის ტრავმისა (საგზაო, საყოფაცხოვრებო) და სიკვდილის რისკს.
– ალკოჰოლის მძიმე მოხმარება ზრდის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (ARDS) განვითარების რისკს, რომელიც წარმოადგენს COVID-19-ის ერთერთ მძიმე გართულებას.
ზოგადი მითები ალკოჰოლისა და COVID-19 -ის შესახებ:
– მითი: ალკოჰოლის მოხმარება ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს
– ფაქტი: ალკოჰოლის მოხმარება არ ანადგურებს COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს. პირიქით, დაინფიცირების შემთხვევაში ზრდის გართულებების რისკს. ალკოჰოლი, როგორც დეზინფექტანტი (60% და მეტი კონცენტრაციის), მოქმედებს კანზე და არა – ადამიანის სხეულში.
– მითი: სპირტიანი სასმელის მიღება კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას.
– ფაქტი: სპირტიანი სასმელის მიღება არ კლავს ვირუსს მისი ჰაერით შესუნთქვისას. იგი არ უკეთებს დეზინფექციას პირის ღრუსა და ყელს და არანაირად იცავს ადამიანს COVID-19-ისგან.
– მითი: ალკოჰოლური სასმელები ასტიმულირებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.
– ფაქტი: პირიქით, ალკოჰოლს აქვს იმუნური სისტემის დამთრგუნველი ეფექტი და არანაირად ასტიმულირებს იმუნიტეტს და არ ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ვირუსის წინააღმდეგ.
ალკოჰოლი: რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ COVID-19 -ის პანდემიის დროს.
– მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რითიც თქვენ შეამცირებთ თქვენი და გარშემომყოფთა ჯანმრთელობისა და იმუნური სისტემის დაზიანების რისკებს.
– დარჩით ფხიზელი, რითიც შეძლებთ, შეინარჩუნოთ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სწრაფი ქმედებების უნარი (ნათელი გონებით) თქვენი და თქვენი ახლობლების სასიკეთოდ.
– თუ ღებულობთ ალკოჰოლს, მიიღეთ მინიმალური რაოდენობით და თავი აარიდეთ ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.
– მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, როგორც თამბაქოს მოხმარების დამატებით სოციალურ რისკს და პირიქით. ცნობილია რომ ადამიანი სმის პერიოდში ეწევა გაცილებით მეტს, რაც, თავის მხრივ, ზრდის COVID-19-ის პროგრესისა და გართულებების განვითარების საშიშროებას.
– ესაუბრეთ ბავშვებსა და მოზარდებს ალკოჰოლის მავნეობის შესახებ COVID-19-თან მიმართებით და დარწმუნდით, რომ მათ არ აქვთ წვდომა ალკოჰოლურ სასმელებზე.
– არასდროს მიიღოთ ერთად ალკოჰოლი და მედიკამენტი. ვინაიდან ალკოჰოლს შეუძლია, შეამციროს მედიკამენტის სამკურნალო ეფექტი ან გაზადოს მისი ტოქსიურობა.
– არასდროს მოიხმაროთ ალკოჰოლი, როდესაც ღებულობთ მედიკამენტს ცენტრალური ნერული სისტემისთვის (ტკივილ-გამაყუჩებელი, საძილე, ანტიდეპრესანტი, და სხვ.), ვინაიდან მედიკამენტისა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (უკმარისობა ან სხვა სერიოზული პრობლემა)
ალკოჰოლი და იზოლაცია სახლში ან კარანტინი.
– სახლიდან მუშაობის დროს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ ალკოჰოლი (სამუშაო ადგილზე/სამსახურში ყოფნის მსგავსად). ვინაიდან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას ქვეითდება პროდუქტიულობა და, ასევე, სამუშაოს შესრულების ხარისხი.
– ალკოჰოლი არ წარმოადგენს კვების რეჟიმის აუცილებელ ნაწილს და, ამდენად, არ არის საჭირო მისი არსებობა საყიდლების სიაში. მოერიდეთ სახლში ალკოჰოლის მარაგის შექმნას, ვინაიდან იგი ზრდის ალკოჰოლის მოხმარების ალბათობას.
– ალკოჰოლის ნაცვლად უმჯობესია, ფულის, დროისა და სხვა რესურსების ინვესტირება მოახდინოთ მაღალი ნუტრიციული ღირებულების პროდუქტში, თქვენივე ჯანმრთელობის სასარგებლოდ.
– შეიძლება ფიქრობთ, რომ ალკოჰოლი დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში, რაც სრულიად არასწორია. პირიქით, იგი ზრდის დეპრესიის, პანიკის და სხვა ფსიქიკური აშლილობების და, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის, თვითმკვლელობისა და მკვლელობის რისკს.
ცხელი ხაზი: 116001 ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი COVID-19-ის დროს: 2 911 000″ – აღნიშნულია „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.