არჩილ თალაკვაძე: საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს
„იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც თან პარლამენტში ირიცხება და თან პარლამენტის დისკრედიტაციით არის დაკავებული – საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს. ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარლამენტის სხდომები უკიდურესად შეზღუდულია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქმეს და ვინ არის პოლიტიკური ინტრიგებით დაკავებული.
მისივე განცხადებით, მმართველ გუნდს კინკლაობის დრო არ აქვს.
„ძალიან ბევრი საქმეა, ბევრი მოქალაქე ელოდება ჩვენგან მხარდაჭერას და მთელი ხელისუფლება ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კოვიდ19-ის შეკავება მოხდეს ბოლომდე, ეს საფრთხე მოიხსნას და შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა და დაიბრუნოს ბევრმა ადამიანმა შემოსავალი, რომელიც დაკარგა”-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა და ის საქმიანობა შეახსენა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პანდემიის პერიოდში ახორციელებს.
„პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს მტავრობასთან ერთად საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში და ყველა გადაწყვეტილების მიღებაში არის ჩართული, პარლამენტი წარმოდგენილია მთელი ეკონომიკური ბლოკით ეკონომიკურ საბჭოში, პარლამენტის წევრები ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონებში და მათ შორის, კარანტინი სადაც გამოცხადდა იყვნენ წინა ხაზზე, მაჟორიტარი დეპუტატები ყველა რაიონში ორგანიზებას უკეთებენ ოჯახებისთვის დახმარების მიწოდებას. ამის გარდა, ვმუშაობთ საკანონმდებლო მიმართულებით. გასაკვირი არ არის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციამ საერთოდ ვერ იპოვა თავისი თავი ამ პროცესში, ვინაიდან მათი მუშაობის მთავარი მიზანი არის, რომ ან სხვისი გაკეთებული დაანგრიონ ან სხვის გაკეთებულზე თქვან, რომ ეს არ ვარგა. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ამის დრო და ადგილი აღარ რჩება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას ახსოვს წინა ხელისუფლების მიერ მართული კრიზისი.
„ნაციონალურ მოძრაობას თავისი პარალელური სამყარო აქვს, ამბობენ, რომ კრიზისების მართვა არის მათი ნოუჰაუ. გვახსოვს ყველას მათი მართული კრიზისები. ეტყობა, ამით არიან შეწუხებული და ახლა, მიიღეს ორიგინალური გადაწყვეტილება, რომ ბოიკოტიდან გამოვიდნენ და დაბრუნდნენ პარლამენტში. მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა ამოიწურება, პარლამენტი დაუბრუნდება საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს, ჩვენ აუცილებლად გვექნება განხილვა და დისკუსია როგორც შესრულებულ სამუშაოზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.