დავით ჩიხელიძე: საქართველოს დღევანდელი მთავრობა, წინა მთავრობისგან მაღალი საჯაროობითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა
„საქართველოს დღევანდელი მთავრობა, წინა მთავრობისგან, სწორედ მაღალი საჯაროობითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისივე თქმით, მავანი ითხოვს, რომ სასწრაფოდ აღდგეს საპარლამენტო ცხოვრება, რათა მოხდეს გამოყოფილი თანხების საპარლამენტო კონტროლი.
„გუშინ „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, მორიგი განცხადება განცხადებისთვის მოვისმინეთ. მავანი ითხოვს, რომ სასწრაფოდ აღდგეს საპარლამენტო ცხოვრება, რათა მოხდეს გამოყოფილი თანხების საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება. საქართველოს დღევანდელი მთავრობა, წინა მთავრობისგან, სწორედ მაღალი საჯაროობითა და გამჭვირვალობით გამოირჩევა (ამას არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს)”, – აცხადებს ჩიხელიძე.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მოზიდული თანხის არამიზნობრივი ხარჯვის შედეგად, ქვეყანამ კრიზისის დაძლევის ნაცვლად ათობით საეჭვოდ გამდიდრებული პოლიტიკოსი მიიღო.
„შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნა არარელევანტურია. რჩება შთაბეჭდილება, რომ კოლექტიური ამნეზია სჭირთ, თუ მათ არ ახსოვთ, მოსახლეობას კარგად ახსოვს, როგორი „გამჭვირვალე” იყო მათი მუშაობა. ამისთვის საკმარისია აგვისტოს ომი გავიხსენოთ, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში საქართველომ ფინანსური დახმარების სახით 4 მილიარდ 450 მილიონი დოლარი მიიღო (ასევე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება). დღევანდელ ოპოზიციას 2008 წელს მოზიდული თანხის მიზნობრივი განკარგვა და საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარება არ გახსენებია, მათ არ სურთ ახსოვდეთ 2008 წლის ომის შემდეგ მოზიდული თანხის არამიზნობრივი ხარჯვა, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების ნაცვლად პირად ინტერესებს მოახმარეს და ქვეყანამ კრიზისის დაძლევის ნაცვლად ათობით საეჭვოდ გამდიდრებული პოლიტიკოსი მიიღო”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.