მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იყო მაშინ, როდესაც მსოფლიო მუშაობდა და ახლა „გაგიჟდნენ“ მუშაობაზე, როდესაც მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იყო მაშინ, როდესაც მსოფლიო მუშაობდა და ახლა „გაგიჟდნენ“ მუშაობაზე, როდესაც მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებას.

მდინარაძის თქმით, პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა.

„როცა მთელი მსოფლიო მუშაობდა, მაშინ ეს ხალხი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ახლა “გაგიჟდნენ” მუშაობაზე, როცა მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმზეა გადასული. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ნიშნავს ან ძალიან დიდ დილეტანტიზმს, რომ არ იციან საგანგებო მდგომარეობისა და საგანგებო სესიების არსი, ან ნიშნავს იმას, ისინი მორიგ ჯერზე სპეკულირებენ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ხოლმე. მათი ვორდინგი აღარ ჯდება არანაირ ლოგიკაში. დღეს პრიორიტეტია სამი ძირითადი მიმართულება: 1. კრიზისის მენეჯმენტი, რაშიც საქართველოს პარლამენტი არათუ კონტროლს ახორციელებს, არამედ უშუალოდაა ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში; 2. ჯანდაცვის მიმართულებით შესაბამისი კომიტეტი არათუ ახორციელებს კონტროლს, არამედ შემოწმებებს კლინიკების დონეზეც კი ახდენს; 3. ეკონომიკური მიმართულება, სადაც პარლამენტის 8 წევრია წარმოდგენილი, ლიდერშიპისა და კონკრეტული კომიტეტების თავმჯდომარეების ჩართვით. არ არსებობს არცერთი მიმართულება, სადაც კომიტეტის თავჯდომარეები და კომიტეტის წევრები არ არიან ჩართულნი. მაჟორიტარი დეპუტატები ჩართული არიან ადგილობრივი შტაბების მუშაობაში, იქაურ მენეჯმენტში. ასევე, მუშაობა მიდის ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი არიან ჩართულები. ასე შეგვიძლია  მრავალ მიმართულებაზე ვისაუბროთ. პარლამენტი მუშაობს გაცილებით მაღალ ტემპსა და გაძლიერებულ რეჟიმში, ვიდრე ეს ხდებოდა ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა არ იყო საგანგებო მდგომარეობა,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები