არეშიძე: რუსეთში რომ არ იყოს პანდემიის ასეთი მასშტაბი, მაშინ მთლიანად ჩვენ დაგვაბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ უჭირთ აქეთ თითის გამოშვერა
კონფლიქტოლოგის, ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიას მუდმივად პროპაგანდისთვის იყენებს. როგორც არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ამ შემთხვევაში, მათი მიზანი ქართული მხარისა და მისი პარტნიორების დისკრედიტაციაა.
„ რუსებმა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებების კეთება ტრადიციად აქციეს უკვე. კონკრეტული ფაქტები არ მოჰყავთ. ზოგადად ლაპარაკობენ, რომ ლუგარის ლაბორატორიის მეშვეობით ხდება ვირუსის გავრცელების ხელშეწყობა. ძირითადად, ალაპარაკებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს, იმათ უშიშროებას, ხანდახან მაღალი დონის ჩინოვნიკი, ისეთი – როგორიცაა ზახაროვა, აკეთებს ხოლმე კომენტარს ან განცხადებას ამის თაობაზე.
მათი მიზანია ქართული მხარის, მისი პარტნიორების მუდმივი დისკრედიტაცია. ასეთივე ლაბორატორია ხომ სხვაგანაც არის? მარტო საქართველოში ხომ არ არის? მაგალითად, ჩვენს მეზობელ სომხეთშიცაა. ძალიან კარგად იციან მოსკოვში, ძალიანაც რომ მოინდომოს ქართულმა მხარემ, ვერ შექმნის ისეთი ტიპის სისტემას, რომელიც ახალი ვირუსის შემუშავებას ან მერე გავრცელებას ხელს შეუწყობს, თუ ეს არ იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების სურვილი. მაგრამ ამის თაობაზე ასეთი ტიპის სურვილი რომ გაჩნდეს და ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, სულ არ არის საჭირო საქართველოში არსებული ლაბორატორია.
თავად რუსეთსაც აქვს, დაახლოებით, 50-მდე ასეთი ტიპის ლაბორატორია და ვირუსის გავრცელების პრობლემა მათთან უფროა, ვიდრე – ჩვენნაირ ქვეყანაში. მოხდა კიდეც ასეთი რამ, გასულ წელს ნოვოსიბირსკთან უცებ დაიწყო საეჭვო ინფექციური ბუმი. ლოკალიზება მოახერხეს, მაგრამ, როგორც დამოუკიდიებელი რუსი ექსპერტები ამბობენ, ეს იმის გამო მოხდა, რომ იქაური ლაბორატორიიდან რაღაც სასიკვდილო ვირუსმა გაჟონა“, – აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, რუსეთი ამ პროპაგანდას იყენებს როგორც შიდა მოხმარებისთვის – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა ცნობიერებაზე მუდმივი მოქმედების საშუალებად, ასევე, საერთაშორისო.
„თუ იმ ვერსისას ავიღებთ, რომ ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელთა ცნობიერებაზე მუდმივი მოქმედების საშუალება, ეს ასეა. ახლა რომ დააკვირდეთ სოციალურ ქსელებს, გინდათ – ოსურს, გინდათ – აფხაზურს, ნახავთ, იქ ხშირად ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ლაბორატორიიდან მოხდება ვირუსის გავრცლება. რუსეთში რომ არ იყოს პანდემიის ასეთი მასშტაბი, მაშინ მთლად ჩვენ დაგვაბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ უჭირთ თითის გამოშვერა აქეთკენ. ახლა სარგებლობენ იმით, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელია. აფხაზებისა და ოსების სოციალურ ქსელებს რომ გადახედოთ, ნახავთ, იქ ისეთი ტექსტებია – საქართველში თავად დააინფიცირეს თავის მოქალაქეების მცირე რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენთვის თვალი აეხვიათ, სინამდვილეში, იქედან მოდის ეს ვიურსიო. ეს სიბრიყვეა. სოციალურ ქსელებში ამ აზრს ზოგიერთი იქაური ადგილობრივიც წინააღმდეგობას უწევს, ვინც მოაზროვნეა. ამ თვალსაზრისით, ეს პროპაგანდა შიდა მოხმარებისაა.
ზოგადად, საგარეო მოხმარებისაა უფრო მეტად, აქაა აშშ-ის დადანაშაულება. ახლა სერიოზული ომია დიდ სახელმწიფოებს შორის იმის თაობაზე, თუ საიდან გავრცელდა ვირუსი – ჩინეთიდან, ქმერიკიდან თუ რუსეთიდან, სამივე ვერსიას აქვს არსებობს საფუძველი, რომ სამივე მხარემ სხვადასხვა ფორმით მიიღო ამაში მონაწილეობა. ამის დამამტკიცებელი საუთები არ არის და რადგანაც არ არის, პროპაგანდისტულ პოლიტიკას ამაზე აგებენ, – განაცხადა არეშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.
წლების განმავლობაში ლუგარი ლაბორატორია რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.
თამუნა შეყილაძე