მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაული 3 ჯვრის ლიტანიობით აღინიშნა (ფოტო)
დღეს, მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაული, ტრადიციულად 3 ჯვრის ლიტანიობით აღინიშნა.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სასულიერო პირებთან ერთად აღავვლინა,წირვის დასრულების შემდეგ ჯვრები აკურთხა.
დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია) სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად აღნიშნული ჯვრებით ქ.მცხეთის ქუჩებში სალიტანიო მსვლელობა გამართა, შემდეგ კი ანტიოქიის მონასტრის გავლით, მდინარე არაგვი ნავებით გადაკვეთეს და მცხეთის ჯვრის მთის ძირში, გეთსამანიის ბაღში, „ქართლის ცხოვრების“ ქვა-სვეტთან შეიკრიბნენ. საიდანაც ჯვრები სამი მიმართულებით გადააბრძანეს:
1. მცხეთის ჯვრიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში;
2. თხოთის მთიდან – რუისისა და ურბნისის ეპარქიაში;
3. უჯარმიდან – აგარაკ-წალკის ეპარქიაში.
ცნობისთვის, ჯვართაღმართების და ჯვრის გამოჩინების უძველესი დღესასწაულები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2007 წელს აღადგინა.
ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ყოველწლიურად, აღდგომიდან მესამე კვირას, ჯვრების აღმართვა მცხეთის ჯვრის მონასტერში, თხოთის მთასა და უჯარმაში დაწესდა.



