გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო(ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებთან აქტიურ მუშაობას განაგრძობს, რათა მათი ფუნქციონირების აღდგენა დროულად მოხდეს.

სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს გაიხსნა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია დისტანციის დაცვას უზრუნველყოფს.
პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც ბაზრის ადმინისტრაცია აქტიურად არის ჩართული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის განცხადებით ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სააგენტომ შესთავაზა.

“ბაზრის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სააგენტომ შესთავაზა, შესაბამისად, დღეს დილით ეს ბაზარი დაუბრუნდა ფუნქციონირების ფორმატს”,- აღნიშნა ბასილაძემ.

3 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები