გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდა საერთაშორისო დონორებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
„მადლობას ვუხდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსა და პროგრამის მომლაპარაკებელ მისიას VI მიმოხილვის დასრულებისთვის და მიმდინარე პროგრამის 200 მილიონი აშშ დოლარით გაზრდისთვის. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო დონორებისთვის. ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს!”, – აღნიშნავს გიორგი გახარია „ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ტვიტერში” გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.
კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.