როგორ ებრძვიან კახელები კორონავირუსს და რამ განაპირობა რეგიონის “მწვანე ზონის” სტატუსი (ვიდეო)

ფოტო: newoldgeorgia

კახეთი „მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კოვიდ-19-ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. როგორ აირიდა თავიდან რეგიონმა ვირუსის გავრცელება და რა ქმედითი ნაბიჯებით ებრძვის უჩინარ მტერს – ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად “რეგიონულმა კვირამ” როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების წარმომადგენლებს, ასევე, მოსახლეობას მიმართა. მათი დამოკიდებულება ერთგვაროვანი აღმოჩნდა. 
რეგიონული საოპერაციო შტაბის ჩამოყალიბება, თვითიზოლაცია, საკარანტინე სივრცეებიდან ნიმუშების აღება, დროული ტესტირება და მასობრივი თერმოსკრინინგი – ეს იმ გატარებული ღონისძიებების მცირე ჩამონათვალია, რაც კახეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციისთვის ხორცილედებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი, სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებთან ერთად, კოვიდ 19-ის ეპიდსიტუაციას გამართლებითაც ხსნის. ნელი ხიზანიშვილი „რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ კახეთში საჭირო ზომები ოპერატიულად ტარდებოდა და ტარდება, რამაც რეგიონს „მწვანე ზონის“ სტატუსი შეუნარჩუნა.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებდით, ალბათ, უფრო ადრე გადაწყვეტილებებს და ძალიან ოპერატიულად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ეს მდგომარეობა და გამართლებამაც, გარკვეულწილად”, – განმარტა ხიზანიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, პლატონ კალმახელიძე რეგიონში ეპიდსიტუაციის შენარჩუნებას კომპლექსურ და დროულ მიდგომებში ხედავს.
„როგორც კი შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო მთავრობასთან, მაშინვე მოხდა რწმუნებულის თაოსნობით ადგილზე შტაბის შექმნა, რომელიც სრულ კოორდინაციაში იყო მთავრობასთან, შესაბამისად, ზედმიწევნით სრულდებოდა იქ დასახული ამოცანები, ასევე, რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით ხდებოდა ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება“, – ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ პლატონ კალმახელიძე.

რეგულაციები და პრევენციის ზომები, წესები, რომლებზეც ხელისუფლებისა და მედიცინის წარმომადგენლები მოსახლეობას ყოველდღიურად მოუწოდებენ, ის უმნიშვნელოვანესი ამოცანებია, რაც თითოეულმა პირმა  უნდა დაისახოს. მოსახლეობის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა კი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რამაც კახეთს “მწვანე ზონის” სტატუსი შეუნარჩუნა.
სწორედ ამიტომ, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში  18 პირი იმყოფება, 11 საკარანტინე ლოკაციაზე კი 502 მოქალაქეა განაწილებული, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეცრეისებით დაბრუნდნენ ქვეყანაში ან  ინფიცირებულთა პირველადი კონტაქტები არიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები