აჭარაში ერთი პაციენტის განმეორებითი საკონტროლო ტესტის პასუხს ელოდებიან
აჭარაში “ცხელების კლინიკიდან” დღის განმავლობაში შესაძლოა, კორონავირუსიგან კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი გაეწეროს. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
ნინო ნიჟარაძის თქმით, გუშინ კლინიკიდან 3 პაციენტი გაეწერა.
,,ამ ეტაპზე, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია. რაც შეეხება ქობულეთის სოფლებს – ლეღვასა და მუხაესტატეში ადგილობრივებს შიდაიზოლაციის პერიოდი დაუსრულდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ 50 პირი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. თუმცა სოფლები ისევ რჩებიან მაღალი რისკის ზონად, სანამ ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში არ გვექნება სხვა დამატებითი შემთხვევები. ქობულეთის ქალაქის ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეის მდგომარეობით, კლინიკა ,,მედალფაში“ კორონავირუსზე 28 პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ჯამურად, აჭარაში ვირუსისგან 27 პირი გამოჯანმრთელდა. საკარანტინე სივრცე უკვე დატოვა 4 300-მა ადამიანმა, ხოლო ორკვირიანი დაკვირვების ქვეშ რჩება 1600 მოქალაქე.