ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

რუის-ურბნისის ეპარქია ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული, მონასტრის წინამძღვრის დავით კობაიძის იერარქიის შესახებ​  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კობაიძე მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.

აღნიშნულ განცხადებას “რეგიონული კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის–ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“. ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა“,- ნათქვამია რუის -ურბნისის ეპარქიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დაკავებული სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა  და მამა დავითი პატიმრობაში დატოვა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობდა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7 დან 15 წლამდე ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები