იტალიის ელჩმა ირაკლი ბერაიასთან ონლაინშეხვედრაზე COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ონლაინშეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები. ირაკლი ბერაია იტალიელ დიპლომატს ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმასა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე ესაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოხატა სოლიდარობა იტალიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ ამ რთულ ვითარებაში და მწუხარება გამოთქვა პარტნიორ ქვეყანაში პანდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებისა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს, NATO-ს 2020 წლის 2 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ალიანსის სამხედრო ხომალდების ვიზიტზე, რომელთაგან ერთ-ერთი, საფლაგმანო ხომალდი – ITS VIRGIIO FASAN-ი იტალიის ფლოტს ეკუთვნის.

იტალიელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მაღალი შეფასება მისცა COVID19-ის საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს იტალიელი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები