“გლეხი რაც უფრო ძლიერია და მყარად დგას, სახელმწიფოც ძლიერია” – ზუგდიდელი ფერმერების წარმატების ფორმულა (ვიდეო)
ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„რეგიონული კვირა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტყაიაში მცხოვრებ ახალბედა ფერმერებს ესტუმრა, რომლებსაც კენკროვანი კულტურის გაშენება სახელმწიფომ სრულად დაუფინანსა.
68 წლის პენსიონერი რევაზ ბობოხია, აგრობიზნესის ახალი მიმართულებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაიგო, რომ სახელმწიფო აღნიშნულ ბიზნესს, ფერმერებს სრულად დაუფინანსებდა.
“გავიგე, რომ ფინანსდებოდა მოცვის პლანტაციები, დავინტერესდი და გადავწყვიტეთ, რომ 1 ჰექტარზე გაგვეშენებინა მოცვი. დარგულია 3 000-მდე ძირი კენკროვანი კულტურა. ამჟამად მიმდინარეობს წვეთოვანი სარწყავი სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, რომ დროულად მოხდეს მოცვის მორწყვა. ის, რასაც ამ მიმართულებით მთავრობა გვთავაზობს, ამაზე უკეთესი ვარიანტი სხვა ჯერჯერობით, არსად არ არის. ასევე, მაქვს თხილის პლანტაცია, სრულმოსავლიანი, ფაროსანამ ცოტა შეგვიშალა ხელი, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობით, შარშან მოსავალი კარგი გვქონდა, იმედია წელსაც ასე იქნება. მთვარია საქმის სიყვარული და მონდომება”, – ამბობს რევაზ ბობოხია.
ისტორიკოსმა თემურ არდიამ, პედაგოგობას ფერმერული საქმიანობაც შეუთავსა და სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მოცვის პლანტაცია ნახევარ ჰექტარზე გააშენა.
“სახელმწიფომ 1 500 ნერგზე გაგვიკეთა დაფინანსება. ხუთი დღეა რაც ნერგების დარგვა დავასრულეთ, სარწყავი სისტემა გამართულია, უკვე ორჯერ მოირწყა ნარგავები, გვყავს აგრონომი, რომელიც გვაძლევს რჩევა-დარიგებებს და ვფიქრობთ, რომ მოცვი, რომელიც ჩვენს პირობებში, ჩვენს ნიადაგთან კარგად არის შეგუებული, გარკვეულ შედეგებს მოგვცემს. გლეხი, რაც უფრო ძლიერია და მყარად დგას, სახელმწიფოც ძლიერია. ქვეყანა დალაგდება, წავა კორონაც, საგანგებო წესებიც მოიხსნება და ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – ამბობს ფერმერი.
ქვეყანში მოქმედ საგანგებო მდგომარეობას, ხელი არ შეუშლია სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტებისთვის.
როგორც „რეგიონულ კვირას“ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა – გიორგი ქვარაიამ განუცხადა, იმ გამოწვევიდან გამომდინარე, რასაც COVID19 ჰქვია, ფერმერებს გარკვეული პრობლემები ლოჯისტიკასა და პროდუქციის რეალიზაციაში შეექმნათ.
“ძალიან პოპულარული პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მრავალწლიანი ბაღების გაშენების და მისი ქვეკომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსებას, რომელიც 100%-ით ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან, უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლურჯი მოცვის დარგვა, მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, ერთწლიანი კულტურების დათესვის გზით. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, დისტრიბუცია მუშაობს, ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეალიზება”, – განმარტა გიორგი ქვარაიამ.
მისივე თქმით, შეღავათიან აგროკრედიტს ერთწლიანი კულტურებისთვის, დაემატა კიდევ ერთი კომპონენტი, რითაც სარგებლობა ფერმერებს უკვე დღეიდან შეუძლიათ.
“იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ერთწლიანი კულტურები მოიყვანონ, ეს იქნება მარცვლეული, პარკოსნები, თუ სხვა ბოსტნეული კულტურები, საშუალება ეძლევათ, მიმართონ ბანკებს და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საბრუნავ საშუალებად მიიღონ კრედიტი, რომლის საპროცენტო განაკვეთს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. კიდევ ერთი სიახლე, რაც უკვე ამოქმედდა, არის ის, რომ საპროცენტო განაკვეთის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო ფარავდა 8%-დან 11%-მდე გაიზარდა, რაც ხელს შეუწყობს ფინანსებთან წვდომას”, – განაცხადა გიორგი ქვარაიამ.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის აღორძინება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.
შეგახსენებთ,“რეგიონულმა კვირამ” უკვე შემოგთავაზათ ვრცელი სტატია, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირმა, მთავრობის დახმარებით ისარგებლოს.
ასევე, იხილეთ ამავე თემაზე მომზადებული სხვა სარეკომენდაციო ხასიათის სტატიები:
2. როგორ გაუმკლავდა ახალ გამოწვევას ლაგოდეხელი ფერმერი და რა შეღავათებს სთავაზობს სახელმწიფო გლეხებს