ზუგდიდში 13 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – კორონავირუსზე ყველა მათგანი უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, დღეს COVID 19-ზე 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა კვლევა. ცამეტივე ანალიზზე, პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას, კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში მოთავსებული პაციენტები გამოიკვლიეს, მათ შორის საკარანტინე ზონაში მყოფი პირებიც. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, 29 აპრილიდან COVID 19-ზე მედიკოსების შემოწმება დაიწყება. “ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები, ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით, რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”,- განაცხადა ლელა ქაჯაიამ.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.