მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებმა საკარანტინო პროექტში ჩართვით მუშაობის გაგრძელება შეძლეს

მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების ხელმძღვანელების თქმით მათ ობიექტებზე საკარანტინო ზონების შექმნით სასტუმროებმა ფუნქციონირება გააგრძელეს და თანამშრომლები შეინარჩუნეს.

სასტუმრო „გრაფიკას“ დირექტორმა დავით ბაგალიშვილმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეების პროექტი მათთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

„ტურიზმის ადმინისტრაციასთან ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს სასტუმროში ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ და ხელფასს იღებენ. ესენი არიან მზარეულები, მიმტანები, მომარაგების და ადმინისტრაციის თანამშრომლები. საკარანტინო სივრცეების პროექტი ჩვენთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“,- აცხადებს სასტუმრო „გრაფიკას“ დირექტორი დავით ბაგალიშვილი.

“კვირა” ასევე ესაუბრა სასტუმრო DKD Bridge-გენერალურ მენეჯერს ნატალია სტეფანაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნის ფონზე მათთვის თანამშრომლების შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„საკარანტინო ზონის შექმნა ჩვენი სასტუმროსთვის ძალიან პოზიტიურია, რადგან ჩვენ ყველა თანამშრომელი დასაქმებული გვყავს. იმ ფონზე როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილია ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების შენარჩუნება და მათთვის ხელფასების გადახდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სახელმწიფოს და ტურიზმის ადმინისტრაციას“,- აცხადებს 40 ოთახიანი სასტუმრო DKD Bridge-გენერალური მენეჯერი ნატალია სტეფანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში ამ ეტაპზე 4889 ადამიანი იმყოფება. საკარანტინო ზონები 83 სასტუმროში მოეწყო, შედეგად დასაქმებულია სასტუმროების 2482 თანამშრომელი.

ცნობისთვის, 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცეებში 15600-ზე მეტმა მოქალაქემ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები