ნოე მეგრელიშვილი: ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი შევინარჩუნოთ

“ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა, ასეთის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, მაგრამ მაქსიმალურად რომ მივუახლოვდეთ დღეს არსებულს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წახალისებული უნდა იყოს ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება, ასევე, მიშვნელოვანია, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„პირველ ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება. ანუ ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს, მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილება არა მარტო დედაქალაქში, არამედ – ყველა მსხვილ ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა გვაქვს. სასურველია, ზოგადად, ყველა მუნიციპალიტეტმა გაითვალსიწინოს ეს.

ასევე, უფრო სუფთა ავტომობილების კიდევ უფრო წახალისებაა აუცილებელი. ვიცით, რომ წახალისებულია ელექტრომობილების იმპორტი, განბაჟება ნულოვანია, ასევე, 6 წლამდე ჰიბრიდების იმპორტია წახალისებული. შეიძლება, მოვიფიქროთ წლოვანების კიდევ უფრო გაზრდა, რომ უფრო აქტიურად შემოვიდეს სუფთა ავტომობილები და მათ შიდაწვის ძრავიანი, მოძველებული ავტომანქანები ჩაანაცვლონ.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამაც უნდა შეავიწროვოს კერძო ტრანსპორტი. უფრო მეტი „ბასლაინი“ , უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპროტია საჭირო არა მარტო დედაქალაქში, არამედ – სხვა მსხვილ ქალაქებში“, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ტრანსპორტის გარდა, ასევე, სამრეწველო სექტორის ახლებურად დერეგულირებაა საჭირო.

„ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამრეწველო სექტორის ახლებურად დერეგულირება, როგორც ამას სამრეწველო ემისიების შესახებ დირექტივა მოითხოვს, რაც ასოცირებითაც გვევალება და რაზეც უკვე ვმუშაობთ. უნდა გაგრძლდეს ეს სამუშაო და, შეძლებისდაგვარად, დაჩქარდეს, რათა სამრეწველო სექტორიდანაც შემცირდეს გაფრქვევები. მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს სამშენებელო სექტორში მიღებული რეგულაციების გამკაცრებების აღსრულება, რათა დაცული იყოს ყველა ის ახალი მოთხოვნა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს სამშენებლო სექტორიდან მყარი ნაწილაკების, მტვრის გაფრქვევები.

ასეთი მწარე გამოცდილების შემდეგ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების წესის შეცვლაზე. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ შევამციროთ ავტომანქანებით ზედმეტი გადადგილება. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ, თურმე, შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა. აუცილებელი არაა, ყოველდღე ათასობით მანქანა დაიქოქოს და სამსახურში წავიდეს. თურმე, შესაძლებელია, რომ სახლიდან რაღაცები ვაკეთოთ.

ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება – ამ პერიოდმა გვაჩვენა, რომ დაისვა თითქოს ალოგიკური და გასაკვირი კითხვები, მართლა ტრანსპორტი აბინძურებს თუ არა ჰაერს? საზოგადოებასთან მეტი უნდა ვიმუშაოთ, უნდა ავუხსნათ, რომ, პირველ ყოვლისა, ჩვენი ავტომობილებით ვაბინძურებთ ატმოსფერულ ჰაერს. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ, მოკლე მანძილებზე ფეხითა და ველოსიპედით იმოძრაონ, შორ მანძილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიყენონ კერძო ტრანსპორტი, ამასთან, ის ტექნიკურად გამართული უნდა იყოს.

ამის პარალელურად, ჰაერის ხარისიხის მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, რომ დავაკვირდეთ იმას, თუ რა შედეგებს მოიტანს ეს ღონისძიებები და რა ზომები იქნება დამატებით გასატარებელი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათი ცნობით, ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული.

დღეიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დაშვებულია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები