ირაკლი ბერაია: ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა

“ჩვენი ყურადღების ცენტრშია ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები, იქ არსებული ვითარება, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, განსაკუთრებით იქ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომელიც მსოფლიოში კოვიდ-19-ის ფართო გავრცელებას უკავშირდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია წერს, რომელმაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან, ედიშერ თოლორაიასთან ერთად რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა.

მისი თქმით, ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე და ამისათვის ძალისხმევას არ იშურებს.

„ქართული ოცნების” ხელისუფლებას აღებული აქვს პასუხისმგებლობა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე. ქართული სახელმწიფო მათ ყველა პირობას სთავაზობს და კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უწევს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენს მიერ, აგრეთვე ნაბიჯები იდგმება ადგილზე მათი დახმარების კუთხითაც. კოვიდ 19 – ის გავრცელების პირობებში, როდესაც ოკუპირებულ რეგიონებში მძიმეა ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ არის სათანადო კვალიფიკაციის პერსონალი და შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რუხის კლინიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის კოვიდ 19 – ის დიაგნოსტიკის და მკურნალობის თვალსაზრისით. ისინი რუხში, რასაკვირველია, სხვა სახის სამედიცინო მომსახურებასაც მიიღებენ. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და რუხის კლინიკაც სწორედ ამ ამოცანას ემსახურება”, – წერს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები