ასპინძაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია “ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის ორგანიზებით გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივიას ასპინძის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და სისხლის უანგარო დონაციის აქცია ასპინძის მერიის შენობაში გაიმართა. აქციაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ჩაერთვნენ.
“ძალიან კარგი გრძნობაა, როცა შეგიძლია შენი პატარა მოქმედებით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო. მიხარია, დღეს მონაწილეობას რომ ვიღებ აქციაში”,- ამბობს “რეგიონულ კვირასთან” პარტია “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის გენერალური მდივანი, მერაბ ზურაბაშვილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სისხლის ბანკს პრობლემები არ შეექმნას. როსტომ მაგრაქველიძე საზოგადოებას აქციაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელსაც მმართველი გუნდიდან როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.