დავით ჩიხელიძე: ოპოზიციას ცილისწამება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთში ერევა
„ოპოზიციის თავხედურ და ყოვლად მიუღებელ ცილისმწამებლურ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს – ჯარისკაცებს.
„ოპოზიციას ცილისწამება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთში ერევა. წლებია, ვხედავთ მათ თავხედურ და ყოვლად მიუღებელ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
გუშინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს – ჯარისკაცებს. საქმე შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ საათებს, რომელიც ქართველი დიზაინერის (ზვიად ციკოლია) შექმნილია. ოპოზიცია ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ცდილობს.
როგორც მოგეხსენებათ, ჯარისკაცებისა და მაღალი რანგის სტუმრების დასაჩუქრება (საათი/იარაღი) მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ჩამოყალიბდა და როდესაც მათ ხმლით ასაჩუქრებდნენ. მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის თავდაცვის უწყება გასცემს საჩუქრებს და ამაში გასაკვირი არაფერია, პირიქით, ლოგიკურია და მისაღები, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნავს და მათ წახალისებას ახდენს. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2019 წელს გაფორმდა, აღნიშნულ პერიოდში კი მსოფლიო პანდემიის შესახებ ცნობილი არ იყო. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის სრული დაცვით”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
როგორც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი ამბობს, ოპოზიციისთვის აღმშენებლობა მიუღებელია, მათ მხოლოდ პირადი აღმა მშენებლობა აინტერესებთ.
„ოპოზიციას ვურჩევ, საათებზე საუბრის ნაცვლად, იმ პროექტებზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც თავდაცვის სამინისტროში, პირადად მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თაოსნობითა და ინიციატივით ხორციელდება. ამ პროექტების მასშტაბურობა უპრეცედენტოა. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ოპოზიციისთვის აღმშენებლობა მიუღებელია, მათ მხოლოდ პირადი აღმა მშენებლობა აინტერესებთ.
ხალხს კარგად ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლებაში ნაცები იყვნენ, ხოლო თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე სუსტი და უღირსი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, სწორედ ბაჩო ახალაიას დროს მოხდა სამოქალაქო პირებისთვის იარაღის ჩუქება, რომლის საერთო ღირებულება თითქმის მილიონ ლარს შეადგენდა. იარაღი აჩუქეს აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, ასევე, გასართობი გადაცემის წამყვანებს/მსახიობებს ვ. ბიჭიკაშვილს, ნ. არაბიძეს და სხვა. ვინც დღეს ხელს სხვისკენ იშვერთ, საკუთარი წარსული გაიხსენეთ, ერთხელ მაინც დასვით კითხვა: რატომ და რა დამსახურებისთვის აჩუქა ახალაიამ იარაღი სამოქალაქო პირებს? რა თქმა უნდა, კითხვას ვერ დასვამდით, რადგან მშიშრები ხართ. არ გყოფნით სიმამაცე, საკუთარი შეცდომა აღიაროთ და შეცდომის დაფარვის მცდელობის დროს ღირსეულ ადამიანებს შეურაცხყოფთ.
დესტრუქციული ნაცოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს სააღდგომოდ, ერთი დღით, განსხვავებული მენიუ ჰქონდათ. რა უნდა თქვას საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა ამაზე? ვის მოუვა თავში აზრად „ლუკმა დაუთვალოს” ჯარისკაცს? ბოღმით სავსე ნაცსექტა ვეღარ არჩევს რაზე რა თქვას, თითქოს „ზრუნავენ” და „უყვართ” ქართული ჯარი, მაგრამ მათში გაღიზიანებას იწვევს სამხედროების მიმართ გამოჩენილი ყურადღება, კვება, ჩაცმა, დაზღვევისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. მათი ბოროტი ფიქრია მეტი სიკვდილი, მეტი დაინფიცირება, მეტი შეჭირვება! რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ქვეყანაში, მით ბედნიერად იგრძნობენ თავს! შევახსენებ მათ კიროს დიდის სიტყვებს, „ბოროტია იგი, ვინც კეთილია მარტო თავისი თავისთვის”, – აცხადებს ჩიხელიძე.