პრეზიდენტი: საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდს მომზადებულები შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბულგარეთის პრეზიდენტს, რუმენ რადევს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ბულგარეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ ქვეყნებში გატარებული ზომები განიხილეს, შესაბამისი სტატისტიკა გააცნეს ერთმანეთს და პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მიმართულებით შავი ზღვის რეგიონული სოლიდარობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პოსტკრიზისულ პერიოდში შავ ზღვას, სატრანსპორტო და სავაჭრო კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
ბულგარეთის პრეზიდენტის, რუმენ რადევის განცხადებით, დღეს მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, დამოუკიდებლად და მარტო გაუმკლავდეს პანდემიას, ამიტომაა მნიშვნელოვანი ერთიანი და სოლიდარული მოქმედება.
აღინიშნა, რომ საქართველომ და ბულგარეთმა მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა იმოქმედონ, რათა მომზადებულები შეხვდნენ პოსტკრიზისულ პერიოდს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან ბორდერიზაციის საკითხზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კრიზისისას ვითარების დეესკალაცია.
ბულგარეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და, ასევე, საქართველო სტრატეგიულ და პრიორიტეტულ პარტნიორს წარმოადგენს ევროკავშირისათვის.
სალომე ზურაბიშვილმა ბულგარეთს, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მადლობა გადაუხადა პანდემიასთან ბრძოლისას ფინანსური მხარდაჭერისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები