მამუკა სალუქვაძე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ექიმების სრულიად დამაჯერებელი მოქმედების ფონზე, მთავრობას ბოლომდე არ აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული თავისი სამოქმედო გეგმა
“დღეს ძალიან მომეწონა პარლამენტის სხდომაზე ელენე ხოშტარიას გამოსვლა (მოუსმინეთ და შეიძლება თქვენც მოგეწონოთ). ოპოზიცია სწორედაც, რომ უნდა აკრიტიკებდეს მთავრობას, თუმცა ამავე დროს, ეს კრიტიკა კონსტრუქციული უნდა იყოს. მეც მთელი რიგი საკითხებისა არ მესმის ხელისუფლების ქმედებების შეფასების კუთხით. მაგალითად, რატომ არ ცდილობს ხელისუფლება პასუხისმგებლობის გადანაწილებას პანდემიასთან ბრძოლის საქმეში? რატომ არ ქმნის სათათბირო ან საკონსულტაციო ინსტიტუციას, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ და მთელი რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ მათი აზრიც იქნება დაფიქსირებული და შესაძლოა მხარდაჭერილიც”, – წერს სოციალურ ქსელში „სითი ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე.
მისივე თქმით, ექიმების დამაჯერებელი მოქმედების ფონზე, მთავრობას ბოლომდე არ აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული თავისი სამოქმედო გეგმა.
“რატომ არ მუშაობს გამართულად, უხარვეზოდ ის სატელეფონო ხაზი (144), რომელიც დღეისათვის, კრიზისის დაძლევაში, მოქალაქეებისთვის მეტად საშური და შესაძლოა, სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი იყოს; გაუგებარია, რატომ გაგრძელდა მსუბუქ ავტომობილებზე შეზღუდვა კიდევ ერთი კვირით? თუ 2-3 კვირაში პიკია, ახლა აკრძალვა და მერე დაშვება რას შეუწყობს ხელს (ახსნა უნდა ყოფილიყო დეტალური და არგუმენტირებული); რატომ არ არის ძალიან ეფექტური ადგილებზე საგანგებო შტაბები (ყველა ალბათ არ იგულისხმება)? რატომ იქნა დაშვებული დღევანდელი მარნეულის ინციდენტი, თუ პრობლემა არსებობდა და მისი გადაწყვეტა ასე რეალური და შესაძლებელი ყოფილა? მესმის საკითხის დელიკატურობა და სიმწვავე, მაგრამ არანაირად არ შეიძლება ასეთ დროს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ორმაგი სტანდარტებით მოქმედება საპატრიარქოსთან ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი შენიშვნაა და ყველას ერთად ვერ დავატევ ამ პოსტში, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ექიმების სრულიად დამაჯერებელი მოქმედების ფონზე, მთავრობას ბოლომდე არ აქვს გააზრებული და ჩამოყალიბებული თავისი სამოქმედო გეგმა და უკვე გამოჩნდა, რომ აშკარად ადგილი აქვს ქმედებებში ჩამორჩენას და მოვლენებისადმი კუდში დევნას, რასაც სასწრაფოდ გამოსწორება და შესაბამისი რეაგირება სჭირდება”, – წერს მამუკა სალუქვაძე.