გურიის რეგიონში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა
გურიის რეგიონში, საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ავტომანქანებით გადაადგილებაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა. როგორც გურიის მუნიციპალიტეტები სოციალურ ქსელში წერენ, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის.
“პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში, კონკრეტულად კი სოფლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება – მათ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ექნებათ შესაძლებლობა, დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ანუ 2 საათის განმავლობაში და საღამოს 6 საათიდან 7 საათამდე, ანუ 1 საათის განმავლობაში გადაადგილდნენ ამ სამუშაოების საწარმოებლად. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონული შტაბი განახორციელებენ შესაბამისი ნებართვების გაცემას. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანქანებით გადაადგილების საშვები აქვთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს და მერის წარმომადგენლებს, რომელიც მოქმედებს დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. შესაბამისად, სოფლებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეთა დახმარება მოხდება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატისა და მერის წარმომადგენლის მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.