ნათია მეზვრიშვილი: თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე
“ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვების გამკაცრება ხდებოდა ეტაპობრივად და ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელების რისკის მატების პროპორციული გახლდათ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, განსხვავებული რეჟიმები და უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა იმ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც განსაკუთრებული რისკები არსებობდა.
“ამ თანმიმდევრული რეკომენდაციებითა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ეტაპობრივი შეზღუდვებით ჩვენ, ფაქტობრივად, შევძელით, რომ პანდემიასთან ბრძოლისთვის სამედიცინო სფერო, ჯანდაცვის სისტემა უკეთე მომზადებულიყო და ეს, ალბათ, გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ჩვენზე ძლიერი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები ამ გამოწვევის წინაშე რეალურად დგანან. საგანგებო მდგომარეობამ შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად აგვემუშავებინა 112-ის ცხელი ხაზი, მოვამზადეთ ოჯახისა და სოფლის ექიმები, ცხელების კლინიკები, საავადმყოფოები, მოვაგვარეთ ინფრასტრუქტურული საკითხები, გავზარდეთ
საკარანტინო სივრცეები და ა.შ”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ნათია მეზვრიშვილმა, ასევე, განმარტა, რატომ უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით.
„ჩვენ, რეალურად, ადრეული პრევენციით, სწორი მენეჯმენტით შევძელით იმ მძიმე შედეგების თავიდან არიდება, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო. დღეს ჩვენთვის მნიშნელოვანი და უმთავრესია არსებული სურათის შენარჩუნება. სულ მცირე, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად, არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი 2 კვირის განმავლობაში ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და შეზღუდვები განაგრძობდეს მოქმედებას.
რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, რა გავლენას ახდენს მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება. რეალურად, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე, ჩვენ თუ შეზღუდვებს ერთიანად მოვხსნით და ეს არ მოხდება ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე და კიდევ უფრო მეტი დანაკარგი, რაც შეიძლება მივიღოთ, არის ის, რომ დღეს არსებულ შედეგებს ზიანი მიადგეს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.