მეორე დღეა, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

უკვე მეორე დღეა, რაც აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ლაბორატორიაში გადაგზავნილი 100-ზე მეტი სინჯიდან პასუხი ყველა უარყოფითია.
გუშინ კი ლაბორატორიაში 165 საეჭვო ანალიზი გადაიგზავნა, მათ შორის იყო ქობულეთის კლასტერიდან აღებული სინჯები, პასუხი აქაც ყველა უარყოფითი მოვიდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა ქობულეთის კლასტერის კონტაქტები, რომლებიც ამ დროისთვის 500-ზე მეტს შეადგენს. აქვე აღინიშნა ისიც, რომ ქობულეთში მცხოვრებთა ნაწილის თვითიზოლაციის პერიოდი სრულდება, თუმცა მათ შესაბამისი კვლევა კიდევ ერთხელ ჩაუტარდება.
ბათუმის ცხელების კლინიკაში Covid-19-ზე 37 პირი მკურნალობს, აქედან 34 ქობულეთის კლასტერიდანაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმე რჩება ერთი პაციენტი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კორონავირუსისგან ბათუმში სულ გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 13 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები