სერგეი ლავროვი: საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ რუსეთის შესახებ გაკეთებული ზოგიერთი განცხადება აგრესიულია.

ამის შესახებ ლავროვმა ვიდეოპრესკონფერენციაზე გააკეთა დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციაზე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორად იყო წარდგენილი.

ლავროვის თქმით, „საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება აგრესიულია“.

მისივე თქმით, ეს არ უწყობს ხელს „საზოგადოებაში სწორი განწყობის ჩამოყალიბებას“.

ლორთქიფანიძემ ლავროვს კითხვა დაუსვა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობაზე, ამ კონტექსტში რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის დროს მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა.

„პუტინმა და სააკაშვილმა საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანაზე მოლაპარაკების ერთ-ერთი რაუნდის დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ შეიქმნებოდა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი, რომელიც იმ რეგიონში ან მათ სიახლოვეს უნდა გახსნილიყო, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო დისლოცირებული. იქ უნდა ემუშავა 30 რუს და 200 ქართველ სპეციალისტს. ეს იქნებოდა ერთგვარი სიმბოლო, რომ საქართველოსა და რუსეთის ერთიანი მტერი არის ტერორიზმი და მაშინ პანკისის ხეობაში იყო არასტაბილური ვითარება. ამიტომ ეს ცენტრი იმუშავებდა ამ საკითხებზე, მაგრამ შემდეგ ქართულმა მხარემ შეთანხმების ამ პუნქტის რეალიზებაზე უარი თქვა. ვფიქრობ, თუ მაშინ გამოიჩენდნენ უფრო მეტ პატივისცემას ამ შეთანხმების მიმართ, ამას შეეძლო, მოვლენების განვითარების სცენარი შეეცვალა. ეს იქნებოდა ჟესტი, რომელიც ფაქიზ სფეროში ნდობისა და თანამშრომლობის კარგი საფუძველი გახდებოდა. ასე რომ, რუსეთი მზად იქნება, ქართველი მეზობლების კონსტრუქციულ ნაბიჯებს გამოეხმაუროს და რუსეთი ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები