“ჯორჯიან ეარვეისი”: “მაი ვეის” ყოველი ბრალდება რეალობის იგნორირებასა და სიტუაციის გაყალბებულად წარმოჩინებაზეა აგებული
“ჯანსაღი კონკურენცია, როგორც ყველა სხვა დარგში, ავიაციაშიც უნდა არსებობდეს, მაგრამ კონკურენციას ამოფარებული პროვოკაციული ქმედებები დარგის განვითარების ნაცვლად, მამუხრუჭებელ, ხშირ შემთხვევაში კი დამანგრეველ ფაქტორად იქცევა-ხოლმე”,-ამის შესახებ “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ განაცხადა. მან ავიაკომპანია “მაი ვეის” მხრიდან წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
“ჭირის დროს ლხინის მოტრფიალენი ავიაკომპანია „მაი ვეისთან“ პოლემიკის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე ის, რომ ჩემს მიერ საქმის ობიექტურად წარმოჩინებას მათ “უტიფარი ცილისწამება“ უწოდეს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთვის წამოყენებული მათი ყოველი ბრალდება რეალობის იგნორირებასა და სიტუაციის გაყალბებულად წარმოჩინებაზეა აგებული.
გადავხედოთ მაღალგანვითრებული და კლასიკური ავიაციის ქვეყნებში არსებულ საავიაციო ტრადიციებს. ევროპის ყველა სახელმწიფოში არსებობს ერთი ნაციონალური გადამზიდველი. დიდ ბრიტანეთში – “ბრითიშ ეარვეისი”; გერმანიაში – “ლუფტ-განსა”; საფრანგეთში – “ეარ-ფრანსი”; ავსტრიაში – “აუსტრეან-აირლინე” და ა.შ. ამ სახელმწიფოებში, ცხადია, არსებობენ სხვა ავიაკომპანიებიც, მაგრამ ისინი არიან ტურისტული და ჩარტერული კომპანიები, რომლებიც ნაციონალური გადამზიდველების განვითარებას ხელს არ უშლიან. იმ ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც მოსახლეობა 50-60 მილიონს აღემატება, განა არ არიან ახალი ავიაკომპანიების ჩამოყალიბების მსურველები? არიან და მომავალშიც იქნებიან, მაგრამ ამ ქვეყნებში ხელისუფლება არ დაუშვებს საკუთარი ნაციონალური გადამზიდველისათვის ხელისშემშლელი და დამაზიანებელი პირობების შექმნას, იმიტომ, რომ მან უცხოური ძლიერი კომპანიებისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეძლოს. ჩვენთან კი, სამმილიონიან საქართველოში, ნუთუ, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ, შესაძლებელია ათეულობით ავიაკომპანიის შექმნისა და გამართულად ფუნქციონირების პირობები არსებობდეს, ეს ხომ აბსურდია?!
ეს სიტყვები შეიძლება ვინმემ რომან ბოკერიას მონოპოლისტური მიდრეკილების გამოხატულებად მონათლოს, მაგრამ ეს ასე არ არის. მე განვითარებული ქვეყნების ავიაციაში მოქმედ ზოგად წესებსა და ტენდენციებზე ვსაუბრობ. რაც შეეხება საქართველოში არსებულ რეალობას, აქ რამე სახის მონოპოლიაზე საუბარი, უბრალოდ, გამორიცხულია. ყველა იმ მიმართულებებზე, სადაც “ჯორჯიან ეარვეისი” დაფრინავს, დაფრინავენ უცხოური ავიაკომპანიებიც, ჩვენდა საუბედუროდ, არაპარიტეტულ რეჟიმში. იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ავიაბაზრის 85 პროცენტი უცხოურ კომპანიებს აქვთ დაკავებული, რომელ მონოპოლისტობაზეა საუბარი?! ცნობისათვის: ამ უცხოურ კომპანიებს საქართველოდან, ყოველწლიურად, დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი გააქვთ, რაც, ერთი მხრივ, უარყოფითად აისახება ლარის კურსზე, მეორე მხრივ კი, მთლიანად ქართულ ეკონომიკაზე. საქართველოს ავიაბაზრის 50 პროცენტი მაინც, როგორც ეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია მიღებული, ნაციონალურ გადამზიდველს რომ ჰქონდეს დაკავებული, იმ 1,5 მილიარდი დოლარის ნახევარზე მეტი საქართველოში დარჩებოდა, რაც ქართული ეკონომიკის გაძლიერების სერიოზულ წყაროდ იქცეოდა”,-აღნიშნა რომან ბოკერიამ.
მისივე თქმით, რომ არა ათეულობით უპერსპექტივო ავიაკომპანიის შექმნისა და შემდგომ მათი გარდაუვალი გაკოტრების მავნე პრაქტიკა, რაც, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ზოგადად, ავიაციის განვითარებისთვის უაღრესად ხელისშემშლელი ფაქტორია, “ჯორჯიან ეარვეისი” დღეს გაცილებით მძლავრი და წარმატებული ავიაკომპანია იქნებოდა.
“უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ეს პატარა ავიაკომპანიები, თავიანთი მწირი შესაძლებლობებით, ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ ფრენის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
ბოლო ოცდაშვიდწლიან უმძიმეს პერიოდში “ჯორჯიან ეარვეისი” ერთადერთი გარანტორი იყო იმისა, რომ საქართველოს ოდესღაც ღირსეული ავიაცია გადარჩენილიყო. ყველა პროფესიონალი ავიატორი, გინდა მტერი და გინდა მოყვარე, ვისთანაც ამ საკითხებზე მისაუბრია, ერთხმად აღიარებს: რომ არა “ჯორჯიან ეარვეისი”, დღეს საქართველოს საფრენოსნო ავიაცია საერთოდ არ ეყოლებოდა. “ჯორჯიან ეარვეისმა” არამარტო გადაარჩინა და შეინარჩუნა ძველი, გამოცდილი კადრები, არამედ, პარალელურად, გამოზარდა ახალი თაობა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისა, რომლებითაც სამართლიანად ვამაყობთ, ვინაიდან ამ ოცდაშვიდი წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა არავინ, ვინც ამის გაკეთებას შეძლებდა. საქართველოში დღეს არ არსებობს საავიაციო სტრუქტურა, სადაც ეს კადრები არ იყვნენ დაკავებული. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერავინ უარყოფს.
როდესაც “მაი ვეის” წარმომადგენლები ჩემი განცხადების უტიფრობაზე საუბარს კადრულობენ, ნუთუ, სიმწრისა და სირცხვილის ცივი ოფლი არ ასხამთ შუბლზე?! ისინი მოგვიწოდებენ, რომ საყოველთაო დისკუსია გავხსნათ ავიაციის თემაზე. ნეტავ, რა უნდა შემოგვთავაზონ, ის ხომ არა, რომ პატარა საქართველოში ათობით ავიაკომპანიამ იარსებოს, რომელთაგან ზოგს თვითმფრინავის ფრთები, ზოგს ძრავი, ზოგს კიდევ ბორბლები ექნება და, ამგვარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით “აღჭურვილნი”, კონკურენციას გაუწევენ “აეროფლოტს”, “ლუფტ-განსას”, “ბრითიშ ეარვეისს”, “ეარ-ფრანსს”, “თურქიშ ეარლაინსს” და სხვა გიგანტებს, რომელთა პარკი, თითოეული, ხუთასზე მეტ თვითმფრინავს ითვლის.
“ჯორჯიან ეარვეისი” საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის ამ ძნელბედობის ჟამს მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ თანამემამულეებს, ვისთვისაც საავიაციო მომსახურება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა, დახმარების ხელი გაუწოდოს. ავიაკომპანია “მაი ვეის” მესვეურებს კი ამ ვითარებაში ჩვენი მოცდენა და ჭეშმარიტად საქვეყნო საქმის კეთებაში ხელის შეშლა განუზრახავთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხალხის გაჭირვებით ისარგებლონ და, როგორც ნათქვამია, ჭირის დროს ნადიმი გააჩაღონ.
ძვირფასო თანამემამულენო, სიმართლე ესაა. ერთ საკითხზე ორი სიმართლე არ არსებობს, სიმართლე ყოველთვის ერთია”,-აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.