სამცხე-ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

სამცხე-ჯავახეთში კარანტინში მყოფ პირებს, კიდევ 71 ადამიანი დაემატა. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ახალციხის “გრანდ პალასში” გუშინ შეიყვანეს. ისინი საქართველოში სპეცრეისებით დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 საკარანტინე ზონა მოქმედებს. აქედან, ერთ-ერთი აბასთუმნის ფილტვის ცენტრია, რომელსაც არცერთი პაციენტი არ ჰყავს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, კარანტინში მყოფი პირების რაოდენობასთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი 11-ით გაიზარდა.

ამჟამად, სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 28 პირი რჩება. ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციის პერიოდს, მხოლოდ სამ ქალაქში გადიან.

თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი, 14 პირი ბორჯომში იმყოფება, ხოლო 7–7 მოქალაქეა ახალქალაქსა და ასპინძაში.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთმა მწვანე ზონის სტატუსი რამდენიმე დღის წინ დაკარგა.

მას შემდეგ, რაც სოფელ ახალდაბაში 27 წლის მამაკაცს კოვიდ-19 დაუდგინდა.

გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში, ბორჯომიდან 12 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. თორმეტივე პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი ახალდაბელი ინფიცირებულის არცერთ კონტაქტს არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოსახლეობისთვის რამდენიმე დღის წინ მიმართვა გააკეთა.

“ჩვენ შევდივართ კიდევ უფრო რთულ ფაზაში. რეგიონში ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. გთხოვთ დარჩეთ სახლში. კორონა ვირუსის წინააღმდეგ საუკეთესო იარაღი სოციალური დისტანციაა”,- ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

დაემატება თუ არა სამცხე-ჯავახეთს საკარანტინე ზონები ჯერჯერობით უცნობია. როგორც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ამბობენ, ეს მოქალაქეების ჩამოყვანის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსნებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 408 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 4816 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები