ირაკლი სესიაშვილი: მიხეილ სააკაშვილის იმიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში არის ნულს ქვევით
“მიხეილ სააკაშვილის იმიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში არის ნულს ქვევით”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის მორიგ განცხადებას ტვ „იმედის” ეთერში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.
მისი თქმით, ეს იყო აბსოლუტური ტყუილი.
„არანაირი თანხის მობილიზება ვინმე სააკაშვილს არ შეუძლია. ის ცდილობს, ასეთი საინფორმაციო მანიპულაციით საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაცის შემძლეა და, ამასთანავე, გაუჩინოს მოქალაქეებს პროტესტი, რომ თუკი შეუძლია მეტი თანხის მობილიზება, რატომ არ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას. ეს არის ადამიანი, რომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ჩვენს ქვეყანაში ბრალდებულია მრავალი დანაშაულისთვის, მათ შორის, მილიონობით ლარის მოპარვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. როგორ წარმოგიდგენიათ, ბრალდებულს სახელმწიფომ მისცეს წარმომადგენლობა, რომ ქვეყნისთვის მოიზიდოს თანხები. მისი იმიჯი საერთაშორისო საზოგადოებაში არის ნულს ქვევით. იმას, რასაც წარმატებით აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, მათ შორის 3 მლრდ დოლარის მოზიდვა ხდება საქართველოსთვის საქართველოს სახელით”, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.