ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას მრევლი დისტანციის დაცვით ესწრება
ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.
წირვაზე დასასწრებად მორწმუნეები საღამოს 9 საათამდე მოვიდნენ და ტაძარს დილის 6 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვებენ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები ატარებს.
ტაძარში და ტაძრის ეზოში დაცულია უსაფრთხოების ზომები, მრევლი შეკრებილია ტაძარში, ნაწილი მათგანი იმყოფება ტაძრის ეზოში, იცავენ დადგენილ ორმეტრიან დისტანციას, უკეთიათ პირბადეები. უსაფრთხოებას მრევლში სტიქაროსნები არეგულირებენ, ტაძართან იმყოფება პოლიციის ეკიპაჟიც.
ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი წირვას სპეციალურად დამონტაჟებული დინამიკების საშუალებით ისმენს. შემოქმედის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო მსახურება 23 საათზე დაიწყო.