გორის მერიამ უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში განხორცილებული შეზღუდვების გამო, უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოყო.
უწყებამ აღნიშნული თანხით შეძენილი საკვები პროდუქტების გაცემა უკვე დაიწყო. სასურსათო პაკეტებით მერია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 ათასამდე ოჯახს დაეხმარება.
გარდა ამისა, გრძელდება შემოწირული პროდუქტების განაწილება. ქველმოქმედი ორგანიზაციების დახმარებით უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ამჯერად სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
“გორის მერია კიდევ ერთხელ, მადლობას უხდის, იმ კერძო ორგანიზაციებსა და ფიზიკური პირებს, რომლებმაც საკვები პროდუქტებით უზრუნველყვეს უსახსროდ დარჩენილი ოჯახები. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას! გორის მერია კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ მთავრობისა და მედიკოსების რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში, გაუფრთხილდეთ როგორც თქვენს, ასევე თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.