ასოციაცია კათარზისი: დღეს „კათარზისიდან” გაიცა 309 ულუფა სადილი
ასოციაცია „კათარზისი” უარყოფს „მთავარი არხის” 3 და 6 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციას 5 დღით „კათარზისის” დაკეტვის შესახებ.
„ტელეკომპანია „მთავარის” 3 და 6 საათიან საინფორმაციო გადაცემა „დღის მთავარში” ქუჩის გამოკითხვის სიუჟეტში ქალბატონის მიერ გაჟღერდა ინფორმაცია 5 დღით „კათარზისის” დაკეტვის შესახებ. კონკრეტულად კი, მან თქვა, რომ „დღეიდან ხუთშაბათამდე დაიკეტა კათარზისი”, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს” – ნათქვამია „კათარზისის” მიერ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ასოციაცია განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე „კათარზისმა” შეცვალა ბენეფიციარების მომსახურების ფორმა. კერძოდ კი მოხალისეების და კომპანია „გლოვოს” კურიერების დახმარებით, ბინაზე აწვდის საკვებს ხანდაზმულების ნაწილს, ნაწილი მათგანი კი (70 წლამდე ასაკის) მოდის და თვითონ მიაქვს სადილი.
„ასევე ვემსახურებით უცხო მომსვლელებსაც. დღეს „კათარზისიდან” გაიცა 309 ულუფა სადილი” – ნათქვამია განცხადებაში.