დონალდ ტრამპი: აშშ-მა კორონავირუსის პიკი გადალახა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის პიკი გადალახა. მისი თქმით, დღეს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის “ძირითად პრინციპებს წარადგენს”.
ამის შესახებ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანამ ახალი დაავადებების პიკი გადალახა. ცხადია, ჩვენი გაბედული სტრატეგია მუშაობს”, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მისი ადმინისტრაცია ცდილობს, დაადგინოს, ხომ არ გახდა ვირუსის გავრცელების წყარო უხანში მდებარე ბიოლაბორატორია.
აღსანიშნავია, რომ წინა დღით აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული კომიტეტების თავმჯდომარე მარკ მილიმ განაცხადა, რომ, აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემით, დიდი ალბათობით, კორონავირუსს ბუნებრივი წარმომავლობა აქვს, თუმცა ასი პროცენტით ამის მტკიცება არ შეიძლება.
აშშ-ში გასულ დღე-ღამეში ვირუსს 2569 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 30 826 ლეტალური შემთხვევაა, ვირუსი სულ 639 628 ადამიანს აქვს დადასტურებული.