დავით ჩიხელიძე: დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს
„ქართული სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”, – ამის შესახებ ა/ო „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” თავმჯდომარე დავით ჩიხელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრებზე საუბარი ამორალური და მიუღებელია იმ ძალის მიერ, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანას ათობით პოლიტპატიმარი ჰყავდა.
„გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ არ დააყოვნა და ოქრუაშვილი მომენტალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად, ზოგი უფრო შორსაც წავიდა (მაგ.: ბოკერია) და განაცხადა, რომ არა თუ ოქრუაშვილი, არამედ უგულავა და რურუაც პოლიტპატიმრები არიან და სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას კოლექტიური სკლეროზი აქვს.
პოლიტპატიმრებზე საუბარი ამორალური და მიუღებელია იმ ძალის მიერ, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანას ათობით პოლიტპატიმარი ჰყავდა, „ნაციონალური მოძრაობის” დროს პოლიტპატიმრების არსებობას ირიბად აღიარებს სტრასბურგის სასამართლო.
არცერთ განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის წევრობა ან ტელევიზიის აქციების ფლობა ინდულგენცია არ არის. კანონი ყველასთვის ერთია და კანონზე მაღლა არავინ დგას!
დაუშვებელია, პოლიტპატიმრად მოიხსენიო მეამბოხე, ქაოსისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ოქრუაშვილი, მექრთამე უგულავა და მკვლელი რურუა!
დღეს საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს! ქართული სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რომელიც განაჩენის გამოტანას ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახდენს!”, – აცხადებს ჩიხელიძე.