ჭიათურაში სტუმრად მყოფ მამაკაცს Covid-19 დაუდასტურდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მყოფ მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ფაქტს ადასტურებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მისი თქმით, იმ კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ვისთანაც მამაკაცს შეხება ჰქონდა.
“ჭიათურაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები იმიტომ, რომ გვაქვს სავარაუდო კონტაქტები იმ პიროვნებისა, რომელსაც დაუდასტურდა Covid19 ვირუსი. ვმუშაობთ ყველა იმ კონტაქტის გამოვლინებაზე, რა კონტაქტებიც მას ჰქონდა სოფელ ითხვისში სტუმრობის დროს. ამ ეტაპისთვის, დადგენილია 10-15 ადამიანი და მათ უკვე აქვთ რეკომენდაციები, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში. ვაგრძელებთ ადგილზე მუშაობასა და დაკვირევებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. დაინფიცირებული მამაკაცი თბილისში კლინიკაში იმყოფება, ის ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამძიმარზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 69, გარდაცვლილი – 3, კარანტინში იმყოფება 4856 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 458 ადამიანი იმყოფება.