ირაკლი კობახიძე: ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია რესურსების მობილიზება და სწორად ხარჯვა და ამ კუთხითაც მთავრობა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი

“ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია რესურსების მობილიზება და სწორად ხარჯვა და ამ კუთხითაც მთავრობა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ელოდება მეტნაკლებად დაზუსტებულ ინფორმაციას ეკონომიკური ვითარების შესახებ და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ზუსტი გეგმის წარდგენა.

„ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მთავრობამ უკვე განაცხადა იმის თაობაზე, რომ მხოლოდ შიდა რესურსებით დამობილიზდება 2 მილიარდი ლარი. ეს არის გეგმის ერთი შემადგენელი ნაწილი. ასევე, შექმნილია სპეციალური ფონდი, სადაც უკვე ჩარიცხულია მილიონობით ლარი და, ამის გარდა, ინტენსიურად წარიმართება მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო მასშტაბით რესურსების მობილიზება კრედიტების თუ გრანტების სახით. ეს არის გეგმის პირველი ნაწილი – რესურსების მობილიზაცია და მეორე თემაა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ არაპრაგმატული ნაბიჯები. ჩვენ თითოეულ თეთრს უნდა გავუფრთხილდეთ და, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მეტნაკლებად დაზუსტებულ ინფორმაციას იმასთან ადკავშირებით, თუ როგორია ეკონომიკური ვითარება და რა სოციალური ეფექტი ქონდა ეპიდემიის გავრცელებას. როგორც კი გვექნება ეს სურათი, ამის შემდეგ უკვე შეიძლება ზუსტი გეგმის წარდგენა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები