თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვს და გზები ინტენსიურად იწმინდება – დედაქალაქის მერია
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.
“გზების ტექნიკური მარილით დამუშავების პროცესს მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22”, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.