Covid-19-თან ბრძოლა – ვინ და რატომ თამაშობს დღეს კეთილი სამარიტელის როლს

ცოტა ხნის წინ,  იტალიურმა გაზეთმა, La Stampa-მ  სტატია გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეულ დახმარებას  ეხმაურებოდა. მარტში კრემლმა იტალიაში, ქალაქ ბერგამოში რუსული არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დანაყოფი და მისი უფროსი გაგზავნა. როგორც ირკვევა, ამ სამხედრო გასაიდუმლოებული დანაყოფის მეთაური გენერალ-მაიორი სერგეი კიკოტია, რომლის საქმიანობის ძირითადი და საკვანძო მიმართულება ბიოლოგიური იარაღია.

უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც რუსული სამხედრო დანაყოფის წევრები აქტიურად მუშაობენ ბერგამოსა და ლომბარდიის საველე ჰოსპიტლებში. ოფიციალურ დონეზე, იტალიის მთავრობის წევრები მადლიერებას გამოხატავენ, თუმცა უკვე არსებობს მინიშნებები იმის თაობაზე, რომ,  რეალურად, რუსები სადაზვერვო მისიას ასრულებენ.

რატომ გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსები კეთილი სამარიტელების როლს უბრალოდ თამაშობენ?

  • გენერალი კიკოტის ერთ-ერთი წინა მისია სირიაში სირიის ხელისუფლების კონსულტირება და, ასევე, ჰააგის სასამართლოში იმის მტკიცება იყო, რომ ასადს სირიაში ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია.
  • რუსებმა იტალიაში გაგზავნეს არა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ნიღბები და სამედიცინო აღჭურვილობა, არა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული მედდები და ექიმები, არამედ – მხოლოდ სამხედრო პირები, რომლებსაც ჰუმანიტარული კრიზისების კუთხით მუშაობის გამოცდილება არა აქვთ.
  • ბერგამოსა და მის სიახლოვეში მყოფი რუსი სამხედროები ძალიან ბევრ და ზედმეტ კითხვებს სვამენ.
  • ერთ-ერთი რუსული პოლიტიკური თოქშოუს წამყვანმა ეთერში უკვე დიდი სიამაყით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ წარგზავნილი კონტინგენტი „ნატო-ს გზებზე მოძრაობს“.
  • La Stampa წერს, რომ, როდესაც რუსული თვითმფრინავი ჩამოვიდა, იტალიელებმა აღმოაჩინეს, რომ ტვირთის დიდი ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოუსადეგარია. იტალიელი მაღალჩინოსანი გაზეთთან ამბობს, რომ რუსული ტვირთი შეიცავდა აღჭურვილობას ბაქტერიოლოგიური დეზინფექციისთვის, მაგრამ არა – ვენტილაციის აპარატებს ან სამედიცინო პერსონალის ეკიპირებას, რაც   იტალიელ ექიმებს ახლა ასე ძალიან სჭირდებოდათ.
  • რუსები დაეხმარნენ იტალიელებს ლომბარდიაში შენობების დეზინფექციაში, მათ შორის, მოხუცთა თავშესაფრების გაწმენდაში. ამავე დროს, იტალიას, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, მსგავსი ოპერაციების   ჩატარების რესურსი თავად აქვს.

ახლა რუსეთი სერბეთს ეხმარება – იქაც მსგავსი დანაყოფი გააგზავნა, რომელიც ქალაქებში დეზინფექციის სამუშაოებს ატარებს.

თუმცა, თავად რუსეთის მოქალაქეებიც უკვე სვამენ კითხვებს – რატომ ვეხმარებით იტალიასა და სხვებს, როცა არ ვეხმარებით ვიაზმასა და ვორონეჟს? რატომ არ ვეხმარებით სიკტივკარს, რომლის საავადმყოფოშიც უკვე 80-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა? რატომ არ ვეხმარებით ბაშკირეთს, რომელსაც მილიარდერი გუბერნატორი ჰყავს, მაგრამ რესპუბლიკური კლინიკის 170 ექიმი და პაციენტი უკვე დაინფიცირდა, დირექტორი კი ადგილობრივ ბიზნესმენებს სთხოვს.. სთხოვს არა, ემუდარება – ექიმებს დაცვის რამე საშუალება მაინც უყიდონ…

პასუხი ამ კითხვებზე მარტივია – 1) ვორონეჟში სადაზვერვო ოპერაციის ჩატარებას აზრი არ აქვს; 2) რესპუბლიკა კომი სანქციებს მადლობის ნიშნად არ მოგიხსნის; 3) რუსი მილიარდერების შვილები ბაშკირეთის უნივერსიტეტებში არ სწავლობენ; 4) თუ კამჩატკის ოლქს დაეხმარებიან,  მსოფლიო რეზონანსს ეს ვერ გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები