ლევან რატიანი: ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტია მოთავსებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით მათ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, აქედან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა.
რატიანმა, ჟურნალისტებთან საუბრისას პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა.
“ამ ეტაპზე, რეანიმაციაში წევს 8 პაციენტი, აქედან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ერთის მდგომარეობა გუშინ იყო კრიტიკული, რაც განპირობებული იყო, როგორც ბიოლოგიური ასაკით, ასევე თანმდევი დაავადებებით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, გემოდინამიკის მაჩვენებლები შენარჩუნებულია, დღესდღეობით ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპამდე დადებითი დინამიკა გვაქვს შენარჩუნებული.
რაც შეეხება კიდევ ორ პაციენტს, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მათი მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ უარყოფითი კლინიკის გარეშე.
ასევე, ჩვენ გვყავდა 42 წლის პაციენტი, მძიმე მდგომარეობით, განსხვავებით იმით, რომ ამ პაციენტთან იყო ქრონიკული პათოლოგიები, მოკლე დროში დამძიმდა მისი მდგომარეობა, გამოიხატა ფილტვის მწვავე დაზიანების სურათი, მისი სასიცოცხლო პარამეტრები ოქსიგენაციის მხრივ იყო კრიტიკული, მაგრამ ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება ბავშვებს, იცით, რომ მათი მდგომარეობა კლინიკის გარეშეა. რამდენიმე დღეა აკლინიკური ფორმით მიმდინარეობს და იმედია ასე გაგრძელდება.
რაც შეეხება 9 კვირის ორსულს, მისი და ნაყოფის ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია”,- განაცხადა რატიანმა.