ლევან რატიანი: სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან „პლაქველინი“ ინიშნება
“მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, ჩადებული გვაქვს “პლაქველინის თერაპია”. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებთან ინიშნება პლაქველინი”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იანვარში კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით შემოიტანა.
„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროტოკოლში, რომლის ერთ-ერთი ავტორი ვარ ბატონ თენგიზთან ერთად, ჩადებული გვაქვს პლაქველინის თერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პაციენტებთან, რომლებთანაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავნიშნოთ, ინიშნება “პლაქველინი”.
რაც შეეხება შედეგს – კლინიკური შედეგი ამ ეტაპამდე სახეზე გვაქვს. მას თავისი კლინიკური ჩვენება აქვს და მუშავდება, თუ რომელ დღეს, რომელ სტადიაზე და რა ხანგრძლივობით უნდა მივიღოთ.
მოგეხსენებათ, სულ ერთი თვეა, რაც კლინიკამ დაიწყო კორონავირუსთან ბრძოლა და ეს არის სტანდარტული თერაპია. გადაგზავნილი გვაქვს სტატისტიკა დამუშავებულ ინფორმაციაზე საკვლევად. რამდენიმე დღეში ველოდებით პასუხს და მოგაწოდებთ ზუსტ ინფორმაციას. პირადად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კლინიკაზე ვაგებ პასუხს. რადგანაც პანდემია გამოცხადდა, იცით, რომ 31 დეკემბერს პირველად აღმოაჩინეს და ამის შემდეგ თვალყურს ვადევნებდით ინფექციასთან ბრძოლას. იანვრის თვეში ჩვენმა კლინიკამ „პლაქველინი“ მარაგის სახით შემოიტანა“, – განაცხადა რატიანმა.