ბექა ოდიშარია: საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც მოახერხა სამშობლოში საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება
„პირდაპირ მინდა, განვაცხადო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით”, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი სრულიად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველდღიურად ისმენენ განახლებულ, ოპერატიულ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს დიასპორებში საზღვარგარეთ.
„ჩვენი საელჩოები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იმყოფებიან საზღვარგარეთ. აწვდიან მათ სხვადასხვა სერვისს, დაწყებული ბილეთის შეძენისა და ძველი ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, ვადაგასული დაზღვევის პოლისების ონლაინ სისტემით გახანგრძლივება, საკვებით, თავშესაფრით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს უზრუნველყოფენ ისეთი საჭირო სერვისებით, როგორიც იურიდიული თუ სხვა მომსახურებაა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც მოახერხა და სამშობლოში დააბრუნა საკუთარი მოქალაქეები, ამიტომ, მისი აზრით, დეზინფორმაციაა, რომ რეისები ჭიანურდება.
„საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც და უცხოეთში ყოფ თანამემამულეებსაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე, რომელიც მუშაობს მწყობრად. ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ ჩამოსული ადამიანების კარანტინში განთავსება, მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა უნდა მოხერხდეს დაბალანსებულად, რომ არ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც მიიღეს წამყვანმა წამყვანმა ქვეყნებმა დღეს მსოფლიოში. შესაბამისად აქამდე განხორციელებული იყო იმდენად დიდი რაოდენობით რეისები, რომ საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე ადამიანი, მათ შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გამოყენებით.
ამჟამად უნდა აღინიშნოს, და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ, ჩვენ გვაქვს 10 აპრილიდან 27 აპრილამდე დაგეგმილი რეისები: 10 აპრილს ლარნაკადან,
12 აპრილს ბერლინიდან, 15 აპრილს – ამსტერდამიდან, 18 აპრილს – თელავივიდან,
24 აპრილს – რომიდან, 27 აპრილს -ბარსელონადან”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვისაც სამშობლოში დაბრუნების განსაკუთრებული საჭიროება აქვს, ამ რეისებით დაბრუნებას მოახერხებს.