ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად გაიყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები დღეიდან სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად გაიყიდება. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ორ დღეში აღნიშნული პროდუქცია წამყვან სააფთიაქო ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

„დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე გავუშვით, 400 ათასი პირბადე საწყის ეტაპზე. დაახლოებით ორი დღე იქნება საჭირო, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით განაწილდეს წამყვან სააფთიაქო ქსელებში პირბადეები. აქ საუბარი გვაქვს „ავერსზე“, „ფარმადეპოზე“, „პეესპეზე“ და „ჯიპისიზე“, ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების განაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება. ყველაზე გვიან, შაბათ დღეს ამ აფთიაქებში იქნება შესაძლებელი მრავალჯერადი, ქართული წარმოების პირბადეების შეძენა.

სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ნედლეულის მოწოდება ჩვენთვის ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან, ამას თავისი ღირებულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალოები უფასოდ გვიკერავენ პირბადეს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თითო პირბადის შეკერვა უჯდება ერთ ლარზე მეტი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა, მეტად ხელმისაწვდომი გახდეს პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში, აფთიაქებში პირბადეები გაიყიდება თითო ცალი 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებადი ფასი, სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებასა და პრაქტიკულად, ნახევარი თვითღებულბით, 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გვეთანამშრომლებიან აფთიაქები“, – განაცხადა თურნავამ.

მან აფთიაქებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი აღნიშნულს განიხილავვენ, როგორც სოციალურ პროექტს და ფასს საკუთარ მოგებას არ ამატებენ.

„50 თეთრი არის ის ფასი, რა ფასადაც მოქალაქეებს შეუძლია, შეიძინოთ პირბადე. იმისთვის, რომ პირბადე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, საწყის ეტაპზე შევთანხმდით, რომ თვითონ აფთიაქები დაარეგულირებენ, რა რაოდენობა შეიძლება, თითო მოხმარებელზე გაიცეს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიძინოს. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდზე, ეს ნიშნავს, რომ დელიკატური რეცხვის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაც შეიძლება, მოქალაქემ თითო პირბადე იმყოფინოს, შესაბამისი ინსტრუქცია მოყვება და ასევე მათ შეუძლიათ აფთიაქებში იკითხონ მოხმარების წესები“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პარალელურად, აფთიაქებში გაიყიდება სხვა წარმოების, კომერციული პირბადეები, რომელსაც შეიძლება განსხვავებული ფასები ჰქონდეს, ასევე იმპორტული პირბადეები.

„ადამიანებს შეუძლიათ, თავისუფლად მოიკითხონ დოლბანდის პირბადე და ეს იქნება სწორედ ის პირბადე, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში იწარმოება და 50 თეთრად იქნება ხელმისაწვდომი.

ვინაიდან, მარნეულსა და ბოლნისის ზონაში და ახლა უკვე ვანის მუნიციპალიტეტში არის განსხვაებული ეპიდსიტუაცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღეს დღის პირველ ნახევარში სწორედ ამ რეგიონებსში სააფთიქო ქსელებს მიეწოდოს ეს პირბადეები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები