აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა
აჭარაში კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, პაციენტები გუშინ კლინიკა ,,მედალფაში“ გადმოყვანილი კორონავირუსის მქონე, 60 წლის ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. 60 წლის ქალის ინფექციის წყარო ამ ეტაპზე არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა, ამ ეტაპზე, მისი 37 კონტაქტია მოძიებული.
,,ლაბორატორიული კვლევისათვის პირველ ეტაპზე 16 ნიმუშია აღებული მათ შორის დადასტურდა 5 ახალი შემთხვევა, ისინი 60 წლის პაციენტის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. მოლოდინია იმისა, რომ რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ბათუმელი ქალი ვერ იხსენებს საეჭვო კონტაქტს. იგი რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა.
ამ დროისთვის, აჭარაში კორონავირუსის 14 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.