ნათია თურნავა: კომპანიების შემოწმების პროცესის ფარგლებში, დღეს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ვეწვიე, სადაც სანიმუშო წესრიგი დაგვხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რომლის საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სავალდებულო დაცვის გათვალისწინებით.
საწარმოში შემოწმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა განახორციელა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრმა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი დადებითად შეაფასა.
„მოხარულები ვართ, რომ საწარმოში დაგვხვდა სანიმუშო წესრიგი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და წესების დაცვის თვალსაზრისით. საწარმოს ყველა მუშა-მოსამსახურეს აქვს პირბადე და ხელთათმანები. პერსონალს რეგულარულად უტარდება თერმოსკრინინგი. საწარმო უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით და სრულდება სხვა რეკომენდაციები, მათ შორის, პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საწარმოს შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა და ჩვენი მხრიდან შენიშვნას არ იმსახურებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
​მინისტრის განცხადებით, საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად საქმიანობს. მისი თქმით, საწარმოში 1200 ადამიანი 4 ცვლაში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საწარმო, მისი მასშტაბების მიუხედავად, სრულად აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი სისტემური საწარმოების შემოწმებას”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები